თბილისში, საბურთალოზე, ცინცაძის 79-ში დავით ვაშაძის ფიტო-ბალნეოთერაპიის ცენტრი გაიხსნა, რომელიც მომხმარებელს სხვადასხვა სამკურნალო და სარელაქსაციო პროცედურებს სთავაზობს. ცენტრის საქმიანობისა და საქართველოში ბალნეოლოგიის, როგორც დარგის განვითარების პოტენციალზე, დავით ვაშაძის ფიტო-ბალნეოთერაპიის ცენტრის თანადამფუძნებელმა ირმა დაუშვილმა „ბიზნესნიუსის“ ეთერში ისაუბრა.
-როგორ გაჩნდა დავით ვაშაძის ფიტო-ბალნეოთერაპიის ცენტრის შექმნის იდეა, რამდენი ხანი მუშაობდით ამ პროექტზე?
მოგეხსენებათ, ჩემი საქმიანობა წლებია საერთოდ სხვა სფეროს – კერძოდ, კომპანია „დიოს“ უკავშირდება, თუმცა, ამის პარალელურად, ბალნეოლოგიის, როგორც დარგის მიმართ ყოველთვის დიდი ინტერესით გამოვირჩეოდი და კურორტ „ნუნისის“ განვითარების მიმართულებით ვმუშაობდი. რაც შეეხება დავით ვაშაძეს, ის ჩემი მეუღლეა, სახალხო ექიმი და დიდი ხანია მინდოდა მასთან ერთად ფიტოთერაპიის მიმართულების განვითარება. წლები დაგვჭირდა, რომ საბოლოო შედეგამდე მივსულიყავით, ალბათ, დამთხვევაც იყო ის, რომ „დიოს“ პირველ ოფისში, საბურთალოზე, აღმოჩნდა ბუნებრივი გოგირდის წყალი -ზუსტად ამ ყველაფერმა განაპირობა ის, რომ გადავწყვიტეთ, გაგვეკეთებინა სრულიად უნიკალური და განსხვავებული ფიტო-ბალნეოთერაპიის ცენტრი, „დიოს“ ძველი ოფისის ბაზაზე. როგორც იცით, ფიტოთერაპია ერთ-ერთი უძველესი მეცნიერებაა, ასევე ბალნეოთერაპიაც უძველესი დარგია. თვითონ ბალნეო ნიშნავს აბაზანებით მკურნალობას და ძველ ბერძნული კულტურიდან მოდის, ასევე, საქართველოც ყოველთვის ცნობილი იყო ამ მიმართულებით.
რა მომსახურებას სთავაზობს დღეს თქვენი ცენტრი მომხმარებელს?
ჩვენი ცენტრის შემქნის მიზანი იყო სწორედ ის, რომ თანამედროვე კვლევების საფუძველზე, დანიშნულიყო კვალიფიციური მკურნალობა, როგორც ფიტოთერაპიის, ასევე ბალნეოთერაპიის მიმართულებით. ამიტომ, ჩვენი ცენტრი მრავალპროფილურია. გვყავს ექიმთა კვალიფიციური გუნდი, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება თანამედროვე ლაბორატორიულ და ექოსკოპიურ კვლევებს. ჩვენ ამ მიზნით შევიძინეთ ბოლო მოდელის, ულტრასონოგრაფიის უახლესი აპარატი, ასევე ვთანამშრომლობთ მაღალკვალიფიციურ ლაბორატორიებთან, იმიტომ, რომ ფიტოთერაპიის მკურნალობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ზუსტი დიაგნოზი. რაც შეეხება ბალნეოლოგიის მიმართულებას – ის მოიცავს გოგირდოვან აბაზანებს და მასთან ერთად, მასაჟს. ასევე, ვნერგავთ ძველ ქართულ ქისით მკურნალობას და სხეულის დამუშავებას, რომელიც ეხმარება კანის გაჯანსაღებას და მკურნალობას. ასევე გვაქვს ჰიდროკორონოთერაპია – ეს ნიშნავს ღრმა, ნაწლავურ გამორეცხვას, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი კუჭ-ნაწლავის და შინაგანი ორგანოების სრული მოწესრიგებისთვის. ასე რომ, ჩვენ გვაქვს ბუნებრივი რესურსებით მკურნალობის ცენტრი და ვამბობთ, რომ ბუნება საუკეთესო მკურნალია.
-როგორ შეირჩა თქვენი გუნდის წევრები, რამდენად კვალიფიციური მედპერსონალი გყავთ?
როგორც უკვე გითხარით, დავითი ძალიან წარმატებული და ცნობილი ექიმია, შესაბამისად, ჰყავდა ძალიან დიდი წრე მედპერსონალის, მაგრამ, ჩვენი პრინციპი იყო, რომ შეგვერჩია ის ექიმები, რომლებიც უფრო მეტად იყენებდნენ ფიტოთერაპიას მკურნალობის პროცესში. ზოგადად, ფიტოთერაპია შეიძლება მორგებული იყოს ნებისმიერი მიმართულებით. განსაკუთრებით კარგი შედეგები აქვს: კანის მიმართულებით, უროლოგიის, კუჭ-ნაწლავის მიმართულებით. ამიტომ, ჩვენს გუნდში, პირველ რიგში, არიან ოჯახის ექიმები, რომლებმაც უნდა დააკვალიანონ პაციენტები, რა მიმართულებით სჭირდებათ კვლევები. გვყავს სხვადასხვა პროფილის ძალიან მაღალი კლასის, კვალიფიციური ექიმები, რომლებიც ძალიან კარგად არგებენ თანამედროვე მეთოდებს ფიტოთერაპიას, რომელიც ძველი მეთოდია.. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს ცენტრი ზუსტად ძველის და ახლის უნიკალური შერწყმა უნდა იყოს და დაიკავებს თავის გამორჩეულ ადგილს ქართულ სამედიცინო ბაზარზე.
-მიუხედავად არსებული ვითარებისა, ომი ჩვენს მეგობარ უკრაინაში და იქ რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრა, ამის პარალელურად პანდემია – მომხმარებლის მოთხოვნა თქვენს სერვისზე რამდენად მაღალია?
ძალიან დიდი მოთხოვნა არის ფიტოთერაპიასა და ასევე, ბალნეოთერაპიაზე. ხალხი ამ დაძაბულ გარემოსა და რთულ ვითარებაში, არაქიმიური პრეპარატებით მკურნალობას პრიორიტეტს ანიჭებს. რაც შეეხება კოვიდ და პოსტკოვიდ სიტუაციას, აქ გამოვლინდა ის, რომ პაციენტებმა, რომლებიც იღებდნენ ფიტოპრეპარატებს, გაცილებით ადვილად გადაიტანეს კოვიდი. პოსტკოვიდ რეაბილიტაციაც ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან, კოვიდი ტოვებს გართულებებს სხვადასხვა მიმართულებით. ამიტომ, ჩვენ შევიმუშავეთ ინდივიდუალური პოსტკოვიდ პროგრამა, თითოეული პაციენტისთვის. პაციენტს უდგინდება, თუ რა სახის გართულება აქვს და გამოკვეთილი ჩივილების საფუძველზე, მისთვის იწერება სპეციალური პროგრამა, რომელიც დაახლოებით 2-კვირიანია. ასე რომ, ინტერესი საკმაოდ მზარდია – სრულად მხოლოდ ამ წლის 4-5 თებერვლიდან ავმუშავდით, ამიტომ, ველოდები რომ მომხმარებლის მომართვიანობა კიდევ უფრო გაიზრდება.
-რა პოტენციალი და რესურსი აქვს საქართველოს ბალნეოლოგიის განვითარების თვალსაზრისით?
როდესაც 20 წლის წინ, კურორტ ნუნისის გამო, მე მომიწია ბალნეო და თერმული წყლების შესწავლა, ძალიან ბევრი საინტერესო რამ აღმოვაჩინე. საქართველოში, დაახლოებით, 2000-მდე სამკურნალო-მინერალური წყალია, ძირითადად, რეგიონებშია ეს წყლები გაფანტული. მთავარია განვითარდეს ინფრასტრუქტურა, თორემ, ჩვენ მსოფლიოს მასშტაბით შეგვიძლია, ვთქვათ ჩვენი სიტყვა. სახელმწიფომ უნდა იმუშაოს და შექმნას პირობები, შემდგომ ინვესტიციაც შემოვა, გამოცდილებასაც შევიძენთ და სამომავლოდ დიდი პერსპექტივა გვაქვს.
სხვათა შორის, როდესაც ვაკეთებდით ამ ცენტრს, ძალიან ბევრ პრობლემას წავაწყდით იგივე სპეციალისტების თვალსაზრისით, გამოცდილების, აპარატურის და კიდევ სხვა უამრავი თვალსაზრისით. გასულ წელს, ძალიან საინტერესო შეხვედრა მქონდა უნგრეთის ელჩთან. მოგეხსენებათ, უნგრეთი ძალიან არის განვითარებული ბალნეოლოგიური მიმართულებით და ელჩი დაინტერესდა, საქართველოში ხომ არ შეიქმნებოდა ცენტრი, რომელიც განათლებას მისცემდა დაინტერესებული პირებს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ბევრია ამ კუთხით სამუშაო და საქართველოს აქვს უზარმაზარი პოტენციალი.
წყარო: fortuna.ge